დგომა-გაჩერების წესების დარღვევისთვის ჯარიმის ოდენობა 20 ლარიდან, შესაძლოა, 10 ლარამდე შემცირდეს. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტის განხილვისას აღინიშნა.
მოქმედი ნორმით, 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს ქვეითთა გადასასვლელის გავლის, გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, საგზაო ნიშნის ან გზის სავალი ნაწილის მონიშვნის ხაზების, ბუქსირების, გარესანათი ხელსაწყოთი ან ხმოვანი სიგნალით სარგებლობის, მოძრაობის დაწყებისა და მანევრირების, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესების ანდა სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის დარღვევისთვის, აგრეთვე მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საფრთხეს უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას.
წარმოდგენილი კანონპროექტს თანახმად აღნიშნულ ჩამონათვალს დგომა-გაჩერების წესების დარღვევაც ემატება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ დარღევასთან დაკავშირებით კანონპროექტში 20-ლარიანი ჯარიმაა გაწერილი, მაგრამ როგორც კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, სატრანსპორტო საშუალების მიერ დგომა-გაჩერების წესის დარღვევა იმ ადგილზე, სადაც ამის გამაფრთხილებელი ნიშანი არსებობს, 10 ლარით ისჯება, შესაბამისად განსხვავებული ჯარიმა არ უნდა იყოს იმ ადგილებთან მიმართებაში, სადაც ასეთი ნიშანი არ არსებობს, კერძოდ კი ხიდები, მოსახვევები და ლიანდაგები.
სხდომაზე დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ ჯარიმის ოდენობასთან დაკავშირებით მეორე მოსმენისთვის ჩამოყალიბდებიან.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი იურიდულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.