ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესახებ საკანონმდებლო წინადადება გადაიხედება. აღნიშნული ინიციატივით იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე პაველ კუბლაშვილი "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტის განხილვისას გამოვიდა.
კანონპროექტის თანახმად, "ტერორისტული აქტის" შესახებ მუხლის შენიშვნის ჩანაწერი უქმდება, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება ტერორისტული აქტის მომზადებაში მონაწილე პირი, რომელიც ხელისუფლების ორგანოს დროული გაფრთხილებით ან სხვაგვარად შეუწყობს ხელს ტერორისტული აქტის თავიდან აცილებას და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ტერორისტული აქტის შესახებ მუხლში, შესაძლოა, შენიშვნის გარკვეული ფორმულირება დარჩეს.
თუმცა, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, სისხლის სამართლის კანონმდებლობა ისედაც ითვალისწინებს პირის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუ ის დროულად შეატყობინებს მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ შესაბამის ორგანოებს.
"სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების პროექტი იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.