ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმ თავისი მარიონეტული მთავრობის ე.წ. შს სამინისტროს იარაღის უკანონოდ ტარების აღსაკვეთად ზომების გამკაცრება დაავალა. მის მიერ გაცემული განკარგულების მიხედვით, ცხინვალში და ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს საგუშაგოები უნდა განთავსდეს და ავტოტრანსპორტი იარაღის გადატანაზე უნდა შემოწმდეს.
ოპოზიცია აცხადებს, რომ კოკოითის ეს განკარგულებას ე.წ. სამხრეთ ოსეთში მიმდინარე წლის ნოემბერში დაგეგმილ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან პირდაპირ არის დაკავშირებული. ინფორმაციას ამის შესახებ "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოპოზიციის რიგებში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ძალიან ბევრი მონაწილე ერთიანდება. ამას გარდა, ოპერაცია "მემკვიდრემ" შესაძლოა მოსახლეობაში უკმაყოფილების დიდი ტალღა გამოიწვიოს იმ შემთხვევაში, თუკი კოკოითი ე.წ. საპრეზიდენტო სავარძელში იმ ადამიანის ჩასმას მოითხოვს, რომლის მიმართაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ნეგატიურადაა განწყობილი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებული ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეჭვგარეშეა, რომ კოკოითის ეს განკარგულება არჩევნებთანაა დაკავშირებული, ვინაიდან საზოგადოებაში მაინც არსებობს შიში იმისა, რომ რაღაც მოხდება და კვლავ "გარჩევები" იქნება. კოკოითი ამით ცდილობს გარკვეულწილად თავი დაიცვას.
"სხვა ახსნა არ არსებობს, იმიტომ, რომ მოსახლეობას იარაღი ყოველთვის ჰქონდა, 1991 წლიდან დაწყებული. ადამიანებმა ისწავლეს იარაღთან დამოკიდებულება და მიეჩვივნენ მას, თანაც კრიმინოგენულ სიტუაციაზე ეს მაინცდამაინც არ მოქმედებს", _ აცხადებენ კოკოითის ოპოზიციის წარმომადგენლები.
ყოველივე ამას უარყოფს და აბსურდულს უწოდებს კოკოითის ე.წ. მრჩეველი საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მუშაობის საკითხებში კოსტა ძუგაევი. მის თქმით, ე.წ. ხელისუფლება აიძულებს ხალხს დაარეგისტრიროს იარაღი "და არა უმეტეს".
"უკანონო იარაღის ამოღებას წინასაარჩევნო კამპანიასთა არავითარი კავშირი არა აქვს. 2008 წლის შემდეგ რესპუბლიკა სავსეა იარაღით და ამასთან დაკავშირებით რაღაც უნდა გაკეთდეს. 2008 წელს იარაღის სიჭარბე იყო და ალბათ იატაკქვეშა იარაღის ბაზრის გაჩენა გარდაუვალი იქნებოდა. სამწუხაროდ, გვაქვს ინფორმაცია, რომ იარაღი სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოკავკასიაში ხვდებოდა და ალბათ მათ ხელში ვინც ტერორისტულ საქმიანობას აწარმოებს. ეს კი უნდა აღმოიფხვრას", _ აცხადებს ძუგაევი.