გორი-იგოეთის ავტომაგისტრალზე გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ დასუფთავების აქციები გრძელდება. სამინისტროს აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოსა და გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს ინიციატივით ავტობანის დასუფთავება გორის რაიონის სოფელ ბერბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციაში გორის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ბერბუკისა და სვენეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.
"დღევანდელი ღონიძიება ერთ-ერთ რიგით აქციაა, რომელსაც სისტემატურად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. მსგავსი აქციები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისა და ახალგაზრდობის ჩართვას გარემოს დასუფთავებაში. ყოველი მოქალაქე ვალდებულია შეიტანოს საკუთარი წვლილი ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში", _ განაცხადა აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართვლოს უფროსმა არჩილ საბიაშვილმა.
გარემოს დაცვის სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლებს-„ერთად ვიზრუნოთ გარემოს დასუფთავებაზე!"
სამინისტრო აქტიურად იბრძვის პოლიეთილენით დაბინძურების წინააღმდეგ. აქციები „პოლიეთილენის პაკეტი - ბუნების მტერია!" მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.