აფხაზი სეპარატისტები ავტოტრასებსა და ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებში სათვალთვალო კამერების დაყენებას აპირებენ. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ე.წ. შს მინისტრის ლეონიდ დძაპშბას ინფორმაციით, ვიდეოთვალთვალის სისტემა უკვე დამონტაჟებულია "ფსოუს" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და "მიუსერას" ბლოკ-პოსტზე.
"უახლოეს დღეებში კამერები ასევე დამონტაჟდება "კოდორისა" და "ოხურეის" საგუშაგოებზე", _ აცხადებს დძაპშბა.
მისივე ინფორმაციით, თავად ქალაქ სოხუმში ვიდეოკამერები 15 მონაკვეთზე დამონტაჟდება - ქალაქის ცენტრალურ რაიონში, ცენტრალური ბაზრის მიდამოებში, ბანკებში და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგიულებში.
"რა თქმა უნდა ეს დაგვეხმარება ჩვენს კონტროლი განვახორციელოთ, როგორც ავტოტრასებზე, ისე ქალაქის სხვა და სხვა ადგილებში. ეს ასევე დაგვეხმარება გატაცებული ავტომობილების მოძიების საქმეში", _ აცხადებს ე.წ. მინისტრი და აღნიშნავს, რომ ე.წ. შს სამინისტროში უკვე შექმნილია სიტუაციური ცენტრი სადავ მთელი ინფორმაცია მოიყრის თავს.