პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში დევნილებთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას არ ეთანხმება.
როგორც ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის მთავრობა იმაზე გაცილებით მეტს აკეთებს, ვიდრე საქართველოზე მდიდარი ქვეყნების ხელმძღვანელობა.
"დევნილებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნებს არ ვეთანხმები. მე მინახავს როგორ ცხოვრობენ დევნილები ახლო აღმოსავლეთში, აზერბაიჯანში. მათთან შედარებით, ჩვენი დევნილები უკეთეს პირობებში იმყოფებიან, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მთავრობამ რეკორდულ დროში გააშენა მათთვის სოფლები. საქართველო ზრუნავს დევნილებზე აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე მეტად, რომელიც ჩვენთან შედარებით გაცილებით მდიდარი ქვეყანაა",- განმარტა ცინცაძემ.
რაც შეეხება ანგარიშში მედიის თავისუფლების კუთხით გამოთქმულ შენიშვნებს, პოლიტოლოგის თქმით, ქართული პრესის მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ის თავისუფალი არ არის, არამედ "უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ პრესას გავლენა არ აქვს".
"ქართული მედიის მთავარი გასაჭირი ის კი არ არის, რომ თავისუფალი არ არის. პრესა თავისუფალია, რაც გინდა ის წერე, მთავარი უბედურება ისაა, რომ მას გავლენა არ აქვს. ჩვენი პრესის 95 პროცენტი ტაბლოიდია, ყვითელია. გაზეთს რომ აწერია "ვეძებთ სენსაციებსო," იმ გაზეთის, ბუნებრივია, არავის უნდა სჯეროდეს",- დასძინა პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოსთან დაკავშირებით მასში ნათქვამია, რომ გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვეოდა, მათ შორის, პატიმრებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შემთხვევებში. გარდა ამისა, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მედიის მდგომარეობაზეც და აღნიშნულია, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.