პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სახალხო დამცველისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშების საფუძველზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის საქმიანობას სერიოზულად უნდა გადახედოს.
"არ ვიცი უნდა შეიცვალოს თუ არა ქალბატონი კალმახელიძე, მაგრამ ფაქტია, რომ სახალხო დამცველისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშები ერთმანეთს ემთხვევა და არ გვაქვს უფლება ან გიორგი ტუღუშს, ან ამერიკელებს არ დავუჯეროთ. რასაკვრიველია ციხეებში სერიოზული პრობლემებია. აღნიშნულ ანგარიშებსა და სასჯელაღსრულების მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს შორის კონტრასტული განსხვავებებია. ვფიქრობ, ჩვენს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტერს სერიოზული ღონისძიებები აქვს გასატარებელი ამ სამინისტროს მუშაობასთან დაკავშირებით", - განუცხადა ცინცაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრად კალმახელიძის დანიშვნის შემდეგ უწყებაში ბევრი რამ უარყოფითისკენ შეიცვალა და მთავრობამ აღნიშნულის მიზეზები უნდა დაადგინოს.
"თავიდანვე უცნაური იყო კალმახელიძის სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ ციხეებში პატიმრები სიბერით იხოცებიან. ასეთი რამ მსოფლიოში არა თუ პრობაციის რომელიმე მინისტრს, არც ერთ ციხის უფროსაც კი არ უთქვამს... როგორც ჩანს, სამინისტროს მუშაობაში მართლაც ბევრი პრობლემაა. საპატიმროებში მონიტორინგი დიმიტრი შაშკინის მინისტრობის დროსაც ხორციელდებოდა და დასკვნებიც იდებოდა, მაგრამ ანგარიშები ასეთი კრიტიკული არასდროს ყოფილა", - განმარტა სოსო ცინცაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოსთან დაკავშირებით მასში ნათქვამია, რომ გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებები ირღვეოდა, მათ შორის, პატიმრებისა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა შემთხვევებში. გარდა ამისა, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია მედიის მდგომარეობაზეც და აღნიშნულია, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.