აფხაზეთის გალის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლის მკვლელობის ფაქტზე გალის რაიონის ე.წ. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე. რამდენიმე მუხლით აღძრა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"გამოძიების საწყის ეტაპზე ჩატარებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერება, საიდანაც ამოღებულია ორი ავტომატი, რომლებსაც ტერორისტები იყენებდნენ. ამოღებულია ასევე საბრძოლო მასალა, გილზები და 4 ხელყუმბარა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, ორი თავდამსხმელის ცხედარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებისათვის სოხუმშია გადაგზავნილი. ეს არის 1975 წელს დაბადებული ლაშა სიჭინავა. მეორე თავდამსხმელის ვინაობა ზუსტდება.
გარდაცვლილი რუსი სამხედროს ვიტალი კვიტკოს ცხედარი კი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისათვის ქალაქ დონის-როსტოვშია გადატანილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადებით "საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, გალის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების ერთი წარმომადგენელი შეიარაღებული კრიმინალური "გარჩევის" დროს დაიღუპა". აქვე მოკლული ორი პიროვნებიდან ერთ ერთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2002 წლიდან ყაჩაღობის, ქურდობისა და მძევლად ხელში ჩაგდებისათვის ძებნილი ლაშა სიჭინავაა, რომელსაც დაუსწრებლად მისჯილი ჰქონდა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა.