აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში კვლავ თურქეთში ვიზიტს გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი თურქეთში აფხაზური დიასპორის მიწვევით მიემგზავრება.
თურქული "Today's Zaman"-ის ინფორმაციით, 7-8 აპრილს ბაღაფში ანკარაში გაატარებს, 9-10 აპრილს კი ადაპაზარსა და სტამბულში.
თავად სერგეი ბაღაფშის თქმით, იგი აქამდე თურქეთში არასოდეს ყოფილა და ეს მას ძალიან აწუხებს, ვინაიდან იქ მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ თურქული გამოცემა აღნიშნავს, რომ სერგეი ბაღაფში ადრეც არაერთგზის აპირებდა თურქეთში ჩასვლას, თუმცა თბილისის ზეწოლის გამო ამ ვიზიტების განხორციელება ვერ მოხერხდა.
"ის ფაქტი, რომ თურქეთი მრავალი აფხაზისათვისნ "მეორე სახლია" თურქულ-აფხაზური ურთიერთობებს ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თურქეთში ცხოვრობს მრავალი აფხაზური წარმოშობის თურქეთის მოქალაქე. ძნელი სათქმელია თუ როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობები, თუმცა ჩვენ კეთილმეზობლობის დამყარებით უნდა დავიწყოთ. ორმხრივი ურთიერთობები ეკონომიკური კავშირების დამყარებით შეიძლება დაიწყოს. ასევე შეიძლება მოხდეს მიმოსვლის ორგანიზება ჩვენს ქვეყნებს შორის და აუცილებელია შევქმნათ გზები აფხაზეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებისათვის", _ განაცხადა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა თურქეთში დაგეგმილი ვიზიტის კომენტირებისას.
გაზეთი ასევე წერს, რომ 1864 და 1878 წლებში მეფის რუსეთის ზეწოლით აფხაზეთის მუსულმანური მოსახლეობის დაახლოებით 70 % ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლეს. სწორედ ამან დაუდო საფუძველი აფხაზურ საკითხს, რომელიც სიმწვავეს ჩვენს დრომდე ინარჩუნებს - დღეისათვის თურქეთში იმაზე მეტი აფხაზი ცხოვრობს ვიდრე თავად აფხაზეთში.
"როგორც მიიჩნევენ ანკარაში, აფხაზეთს თურქეთთან კავშირების დამყარებას და დაახლოების გზების ძიებას აფხაზეთის კულტურის წინ მდგარი ასიმილაციის საფრთხე განაპირობებს, რომელიც დაკავშირებულია აფხაზეთის საერთაშორისო აუღიარებლობასთან და მოსკოვის დომინირებასთან, ასევე მოსახლეობის რაოდენობის ზრდის დაბალ ტემპებთან
.
თურქეთთან ურთიერთობებით სოხუმს რუსეთთან და საქართველოსთან თავისი ურთიერთობების კომპენსირება სურს", _ წერს თურქული გაზეთი და დასძენს, რომ სერგეი ბაღაფშის ვიზიტი თურქეთში შესაძლოა თურქეთსა და აფხაზეთს ასევე საქართველოსა და დასავლეთს შორის ურთიერთობებში გადამწყვეტი მომენტი გახდეს.