უზენაესი სასამართლოს შენობის წინ მოწყობილი საპროტესტიო აქციის შემდეგ სამართლდამცავებმა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები დააკავეს. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერმა ირმა ინაშვილმა აცნობა. მისი თქმით, აქცია უკვე დასრულებული იყო, როცა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე, შსს-ის ოპერატიულმა თანამშრომლებმა, კუდისა და სოდის წევრებმა, წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები დააკავეს. ამ ეტაპზე დაკავებულთა ადგილსამყოფელი უცნობია.
"დაკავებულებს შორის არიან აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დეპუტატი ადა მარშანია, წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი შოთა გლურჯიძე, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრები გენადი კეკელია და ირაკლი ციკოლია, ქეთი გოგინაშვილი - პოლიტპატიმრის და; ფრიდონ ხარებავა, გოჩა ჩხაიძე, თენგიზ ღლონტი, მადონა გოგია,"_აღნიშნა ინაშვილმა.
მისი თქმით, ამ ადამიანებს, სავარაუდოდ, ორი საათის შემდეგ სასამართლოში გადაიყვანენ.
ინაშვილი აცხადებს, რომ ეს ადამიანები უკანონოდ არიან დაკავებული, რადგან ისინი მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს უკანონო პატიმრობის წინააღმდეგ.
" სამგლოვიარიო გვირგვინით შევამკეთ უზენაესი სასამართლოს შენობა. ამ ადამიანების დაკავება პოლიციელთა მხრიდან გამიზნულად მოხდა. ამ ყველაფერს თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა",_აცხადებს ინაშვლი.
შეგახსენებთ, დღეს უზენაესი შენობის წინ გამართულ საპრიოტესტო აქციაზე სამართალდამცავებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა სასამართლოს შენობას კვერცხები დაუშინეს.
საპროტესტო აქცია ჯერ რუსთველის ძეგლთან გაიმართა, შემდეგ მომიტინგეებმა უზენაეს სასამართლოსთან გადაინაცვლეს.