ოპოზიციონერი დეპუტატი, "თავისუფალი დემოკრატების" წევრი გია ცაგარეიშვილი პარლამენტს მოუწოდებს მთავრობის და პრეზიდენტის წინაშე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხი დასვას. ამის შესახებ ცაგარეიშვილმა დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.
"სახალხო დამცველის ანგარიშში რამდენიმე საზარელი ფაქტია მოყვანილი, როცა ექიმები ხელს უწყობენ დანაშაულის დაფარვას, წერენ არასწორ სამედიცინო დასკვნებს და ამაშია ჩართულია სამხარულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, რომელიც ყველანაირად ცდილობს დაფაროს დანაშაული", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ არასწორ დასკვნების დაწერა სისხლის სამართლის დანაშაულია.
"საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა დაანებოს მავნე პრაქტიკას, როდესაც სახალხო დამცველის ანგარიშზე იწერება დადგენილება და ამის ცნობად მიიღება. პარლამენტმა მთავრობის და პრეზიდენტის სახელზე კალმახელიძის, ექპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელობის და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დააყენოს, რომელთა გვარებიც მოხსენიებულია დასკვნაში", - აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შემოვიდა.