უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის აზრით, რუსეთის მიერ საქართველოში ტერორისტული აქტების განხორციელებას კონკრეტული პოლიტიკური მიზნები აქვს და ჩვენ ეს მიზნები უნდა წავიკითხოთ.
"რატომაა რუსეთი მონდომებული, რომ საქართველოში ტერორისტული აქტები ჩაიდინოს? რისი თქმა უნდა ამით მოსკოვს? - ჩვენ ვართ დაზარალებულები: ტერიტორიები წაგვართვეს, თავზე გვაზიან, პოლიტიკურად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებიან და კიდევ აქეთ გვიწყობენ ტერორისტულ აქტებს, თუმცა რატომ, ეს ჩემთვის გაუგებარია. არასტაბილურობა არ არის საკმარისი მოტივაცია იმისთვის, რომ რუსეთი, ამხელა სამელმწიფო, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლება აქვს, საქართველოში ტერორიზმით იყოს დაკავებული. რამდენადაც ტერორისტული აქტი ეს არის პოლიტიკურ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული, ამას ექნება პოლიტიკური მიზნები და ჩვენ ეს პოლიტიკური მიზნები უნდა წავიკითხოთ. თუ მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიის საზღვრის გახსნა არის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პრობლემა, მაშინ გვირჩევნია ეს საზღვარი დავკეტოთ და ტერორისტულ აქტებს აღარ ველოდოთ. ერთი სიტყვით, ამ საკითხზე ჩვენმა საზოგადოებამ უნდა დაიწყოს მსჯელობა და ხელისუფლებამაც გამართოს პოლიტიკურ დონეზე დებატები", - განუცხადა ირაკლი სესიაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის აზრით, რუსეთის პოლიტიკური მიზნების გამოცნობა დროულად უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ დაგეგმილ ტერორისტულ აქტებს უბედურება მოჰყვეს.
"არ არის გამორიცხული, რომ ადრე თუ გვიან რომელიმე ტერორისტული აქტი შედგეს და მათ შორის ისეთ ადგილებშიც, სადაც ხალხმრავლობა იქნება. რაც არ უნდა კარგი სპეცსამსახურები გვყავდეს, რაც არ უნდა კარგად მოქმედებდნენ ჩვენი სამართალდამცავები, ფაქტია, რომ ძალიან მაღალია იმის რისკი, რომ ასეთ ტერორისტულ აქტებს შემდგომშიც ჰქონდეს ადგილი და სამწუხაროდ, ტრაგედია მივიღოთ", - განმარტა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტების სერია გრძელდება. გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერში მომხდარი აფეთქებების შემდეგ ქართველმა სამართალდამცველებმა ქუთაისის მერიისა და იუსტიციის სახლის აფეთქება აღკვეთეს. პოლიციამ ქალაქის ცენტრში სპეცოპერაცია ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობისთანავე დაიწყო და სამი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, მანუჩარ და ავთანდილ ძაძუებმა შესაბამისი დავალება ქალაქ ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის ოფიცერ, ვინმე ვალოდიასგან მიიღეს, რომელიც ვანო მერაბიშვილის უწყების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედარალური სამსახურის უფროსი ლეინტენანტი ალექსეი უშაკოვია.