რუსეთმა ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისთვის ესპანეთს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ძალოვან სტრუქტურებში არსებულ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"დღეს დომოდედოვოს აეროპორტში ტარიელ ონიანის ესპანეთის სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის გადაცემის პროცედურა გაიმართა, რომლებიც სპეციალურად მისთვის რუსეთის დედაქალაქში ჩამოვიდნენ", _ იუწყება რუსული მედია.
"ონიანი რუსეთის მოქალაქეა და ამჟამად სასჯელს ბიზნესმენის გატაცებისთვის იხდის, ამიტომაც იგი, ესპანურ მხარეს დროებით გადაეცემა, იმ დანაშაულების საგამოძიებო ოპერაციების ჩასატარებლად, რომლებიც მან ესპანეთის ტერიტორიაზე ჩაიდინა", _ წერს რუსული მედია.
წყაროს ინფორმაციით, საუბარია დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაციაზე, დამნაშავეობრივ თანამეგობრობაში მონაწილეობაზე და დოკუმენტების გაყალბებაზე".
ამასთან ერთად, ჯერჯერობით უცნობი რჩება, რა ვადით გადაეცა ტარიელ ომიანი ესპანურ მხარეს.
"ამ საკითხს ესპანელ კოლეგებთან დამატებით შევათანხმებთ, ხოლო ამ ქვეყანაში საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ მას რუსეთში დავაბრუნებთ. ისე, როგორც წესი, დროებითი გადაცემა ძირითადად, მაქსიმუმ ნახევარი წლით ხორციელდება",_ აცხადებს წყარო.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, ტარიელ ონიანი ესპანეთში ექსტრადაციას 12 ავტომატიანი მცველის გარემოცვაში, აეროპორტის ე.წ. ვიპ-გასასვლელთან ელოდა.