რაც უფრო გავლენიანი და ავტორიტეტული იქნება სახალხო დამცველის ინსტიტუტი, თითოეული უწყება, თავისი უფლებამოსილების განხორციელებაში, უფრო ფრთხილად იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა.
"მივესალმები ქვეყანაში ავტორიტეტული და გავლენიანი სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობას, რადგან ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ინტერესია, ქვეყანაში დაცული იქნას ყოველი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები", - განაცხადა ხუროშვილმა.
მისი შეფასებით, სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშს თითოეულ უწყებაში დეტალური განხილვა და შესაძლოა შეპასუხებაც სჭირდებოდეს.
"საჭიროა იმ მიზეზების უფრო კონკრეტული დემონსტრირება და ახსნა საზოგადოებისთვის, თუ რატომ იყო ესა თუ ის პრობლემა ამ უწყებაში", - განმარტა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
ხუროშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული დოკუმენტი მასთან შევა, იგი ყველა უწყებას გადაეგზავნება, რომლებიც თავიანთ ნაწილში პასუხებს მომზადებენ, რაც საზოგადოებას მისცემს საშუალებას, მეტი ინფორმაცია მიიღონ ამა თუ იმ საკითხზე.