სამხედრო ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, რუსეთი საქართველოში ტერორისტული აქტების ორგანიზებას ქვეყანაში დესტაბილიზაციის მიზნით ცდილობს.
"ფაქტია, რომ რუსეთის ეს პოლიტიკა ემსახურება დესტაბილიზაციას. მოსახლეობაში პანიკის დათესვას. ხალხის მიერ ხელისუფლებისადმი უნდობლობის გაჩენას. ამის პარალელურად, მოსკოვს არაა გამორიცხული საქართველოს ეკონომიკური საინვესტიციო კლიმატის შესუსტებაც სურდეს", - განუცხადა შარაშენიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისი განმარტებით, რუსეთი იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში, საქართველოში განხორციელებული ტერაქტები ქვეყნის მთავრობას დაბრალდება და მსხვერპლზედაც პასუხისმგებლობის აღება სწორედ მას მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა დღეს ქუთაისის მერიისა და იუსტიციის სახლის აფეთქება აღკვეთეს. პოლიციამ ქალაქის ცენტრში სპეცოპერაცია ტერორისტული აქტის განხორციელების მცდელობისთანავე დაიწყო და სამი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, მანუჩარ და ავთანდილ ძაძუებმა შესაბამისი დავალება ქალაქ ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის ოფიცერ, ვინმე ვალოდიასგან მიიღეს, რომელიც ვანო მერაბიშვილის უწყების ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედარალური სამსახურის უფროსი ლეინტენანტი ალექსეი უშაკოვია.