2010 წელს პატიმართა სიკვდილიანობა 56 %-ით გაიზარდა. სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშის მიხედვით, შარშან დაღუპულ მსჯავრდებულთა რიცხვი ბოლო 5 წლის ანალოგიურ შედეგებთან შედარებით 142 კაცამდეა გაზრდილი.
"2010 წელს გარდაცვლილ პატიმართა მაჩვენებელმა პიკს მიაღწია და 2009 წელთან შედარებით 56%-ით მოიმატა. 2010 წლის განმავლობაში სიკვდილობის მაქსიმალური მაჩვენებელი დაფიქსირდა აგვისტო-სექტემბრის პერიოდში, რაც წინა წლების მონაცემებთან შედარებით უჩვეულო მაჩვენებელია. გარდაცვლილ 142 პატიმარს შორის 3 ქალია, 139 - მამაკაცი", - ნათქვამია ანგარიშში.
გარდაცვლილ პატიმართა უმეტესობა 41-იდან 50 წლამდე ასაკის მსჯავრდებულები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ 2006 წელს 89, 2007 წელს - 101, 2008 წელს - 90, 2009 წელს კი - 91 პატიმარი გარდაიცვალა.
პატიმართა სიკვდილიანობა - ეს ის საკითხია, რაც სახალხო დამცველის ანგარიშში ხათუნა კალმახელიძის უწყების მიმართ ყველაზე კრიტიკულად აისახა.