საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში აღკვეთილ ტერაქტებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულთა ჩვენებებიდან ირკვევა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი" მათ ქალაქ ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის ოფიცერმა, ვინმე ვალოდიამ გადასცა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემოსვანეთის სამხარეო პოლიციის და კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად 2011 წლის 31 მარტს ქ. ზუგდიდში დააკავეს ქ. გალში მცხოვრები მანუჩარ ძაძუა და მისი ბიძაშვილი ავთანდილ ძაძუა. მანუჩარ ძაძუას დაკავებისას ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი, რომელშიც დამონტაჟებული იყო დროის შემაყოვნებელი ამფეთქი მექანიზმი მოდერნიზებული დეტონატორით. დაკავებულების თქმით მათ დავალებული ჰქონდათ აეფეთქებინათ ბომბი ქ. ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სამხარეო შენობასთან, იუსტიციის სახლთან, რომელშიც განთავსებულია სადვოკატურო ბიურო და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 18-323 მუხლით (ტერორისტული აქტის მომზადება).
ამავე ბრალდებით დაკავებულია სოფელ ორსანტიაში მცხოვრები კალისტრატე მალანია, რომელმაც ხელი შეუწყო და დაეხმარა მანუჩარ ძაძუას, ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანაში რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან.
ბრალდებულების მიერ ფოტოსურათზე ამოცნობილი იქნა რუსი ოფიცერი, რომლის დავალებითაც ისინი მოქმედებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა მისი ნამდვილი ვინაობა, იგი არის რუსეთის უშიშროების ფედარალური სამსახურის უფროსი ლეინტენანტი, 1985 წლის 29 იანვარს, ჩელიაბინსკის ოლქში, ქ.კორეკინოსში დაბადებული ალექსეი სერგეის ძე უშაკოვი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობს მესაზღვრეთა ნაბაკევის განყოფილებაში ოპერ-რწმუნებულის თანამდებობაზე.