ქართველი სამართალდამცველები ქუთაისში აღკვეთილი ტერორისტული აქტების უკანაც რუსულ კვალზე გავიდნენ. არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერიისა და ქალაქის იუსტიციის სახლის აფეთქება რუსული სპეცსამსახურების მიერ დაიგეგმა.
ქართველმა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ტერორისტული აქტების მოწყობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები. ისინი ბიძაშვილები მანუჩარ და ავთო ძაძუები არიან. გავრცელებული ინფორმაციით, აყვანილია მათი კიდევ ერთი თანამზრახველი.
არსებული ცნობით, მანუჩარ ძაძუა გალში ცხოვრობს და მან ქუთაისში ორი შენობის აფეთქების დავალება სწორედ რუსული სპეცსამსახურებისგან მიიღო.
გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტებს ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი" უნდა გამოეყენებინათ. აღსანიშნავია, რომ ეს ის ნივთიერებაა, რითაც ტერორისტული აქტები საქართველოს რამდენიმე ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ქუთაისის ცენტრში სპეცოპერაცია დღეს დილით ჩაატარეს და დაგეგმილი ტერაქტები მის განხორციელებამდე აღკვეთეს.