ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში კახა გოგოლაშვილი საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შესაძლო შემოღების შესახებ ბელორუსში გაკეთებული განცხადების ინიციატორად რუსეთს მიიჩნევს.
"ის, რომ რუსეთს შესაძლოა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეების მიმართ მეტი კონტოლის დაწების თაობაზე ბელორუსის მთავრობაზე გარკვეული ზეწოლა, სრულიად შესაძლებელია. ვფიქრობ, სწორედ რუსეთი დგას ამ ინიციატივის უკან. ალბათ ეს არის მოსკოვის მხრიდან ბელორუსისთვის წაყენებული გარკვეული პირობა, რომელიც ქვეყნის მთავრობას მან კონფიდენციალურად დაუსვა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გოგოლაშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის დაწესება თავად ბელორუსის ინტერესებში ნაკლებად შედის, რადგან თავისუფალი გადაადგილება მისთვის რამდენიმე კუთხითაა მნიშვნელოვანი.
"თვითონ ბელორუსს არამგონია არ აწყობდეს საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში ჩასვლა, მოგზაურობა, რადგან ეს მისთვის დამატებითი შესაძლებლობაა როგორც ადამიანებს შორის პირდაპირი ურთიერთობებისა და შემდგომ ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, ისე ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების კუთხით. ბელორუსს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი ნამდვილად არ სჭირდება, ამიტომ, არამგონია, რომ მისი ინიციატივით ხდებოდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ საკითხის წამოწევა", - განმარტა ექსპერტმა.
რაც შეეხება იმას, ბელორუსს-ყაზახეთსა და რუსეთს შორის ერთობლივი საბაჟო კავშირის არსებობის კონტექსტში ბელორუსის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შემოღების შემთხვევაში ხომ არ არსებობს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების საშიშროება ყაზახეთის მხრიდანაც, კახა გოგოლაშვილი აცხადებს, რომ ამ ორ საკითხს ერთმანეთთან საერთო არ აქვს.
"საბაჟო კავშირი არ ეხება ადამიანების გადაადგილებას, ის ეხება მხოლოდ საქონლის გადაზიდვასთან დაკავშირებულ საკითხებს", - აცხადებს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსმა საქართველოსთან, შესაძლოა, სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ამის შესახებ განცხადება ბელორუსის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ანდრეი კორლუკოვმა გააკეთა. მისი თქმით, ბელორუსიისთვის საქართველოსთან სავიზო რეჟიმის არარსებობა პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც საქართველოს არაერთი მოქალაქე ბელორუსიაში მოხვედის შემდეგ რუსეთში თავისუფლად გადადის, ისე რომ რუსული ვიზა არ გააჩნია.