ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ძვ.წ. მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრით დათარიღებული ანანაურის ოქროს ყელსაბამის შემადგენელი ნაწილი - ოქროს ხვია.
აღნიშნული ყელსაბამის სხვა ნაწილები ქართველმა მეცნიერებმა წინა საუკუნის 90-იან წლებში ლაგოდეხის რაიონის სოფელ ანანაურში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს და ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის საცავში.
გამოძიების მიერ ამოღებული ოქროს ხვია წლების განმავლობაში გაურკვეველ ვითარებაში დაკარგულ ნივთად ითვლებოდა. მისი უნიკალურობისა და ისტორიული ღირებულების შესახებ შექმნილია არაერთი სამეცნიერო-ისტორიული ნაშრომი. ნივთს ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის თანახმად, ოქროს ხვია ნამდვილად ანანაურის ცნობილი ყელსაბამის შემადგენელი ნაწილია. საქმეზე გრძელდება წინასწარი გამოძიება.