1-ელ აპრილს, 19:00 საათზე, 14 წლის ვირტუოზი ქართველი პიანისტი ირმა გიგანი ეროვნულ მუსიკალური ცენტრში სოლო კონცერტს გამართავს. კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრია.
ირმა გიგანის პედაგოგია პროფესორი თენგიზ ამირეჯიბი.
ახლახანს ირმა გიგანი ფრედერიკ შოპენის სახელობის პიანისტთა მეორე კონკურსის პირველი პრემიის მფლობელი გახდა. კონკურსი საქართველოში პოლონეთის საელჩოსა და `საქართველოს კონკურსების მუსიკალური ფონდის~ ინიციატივით ჩატარდა და მასში 8 კონკურსანტი მონაწილეობდა. ამავე კონკურსზე, პირველი ადგილის გარდა, ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის, ირმა გიგანი სპეციალური პრიზითაც დაჯილდოვდა. საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიწვევით კი, 2011 წლის ოქტომბერში 14 წლის ქართველი პიანისტი ვარშავაში კონცერტს გამართავს.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის 19 ნოემბერს, აშშ-ში, ბროდვეიზე ნიუ იორკის `არტ სცჰიილ~-ის დიდ დარბაზში ირმაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართა. ფილმის რეჟისორი სანდრო ვახტანგოვია, რომელსაც ანალოგიური სურათები ლიანა ისაკაძეზე, ალექსანდრე კორსანტიასა და სხვა ცნობილ ქართველ მუსიკოსებზეც აქვს გადაღებული. დოკუმენტურ ფილმში შესულია ყველა ის კონცერტი, გამოსვლა და მასტერ-კლასი, რომელიც ირმა გიგანს 5 წლის ასაკიდან დღემდე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაუმართავს. აღსანიშნავა, რომ სანდრო ვახტანგოვის ფილმში მოხვდა აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის სექტემბერში დაბომბილ გორში გამართული ირმა გიგანის მშვიდობის მანიფესტიც.
ირმა გიგანი არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია, მათ შორის:
2002 წლის 16 ივნისს, იტალიის ქალაქი მინერბიოში გამართულ 8-13 წლის შემსრულებელთა მეორე საერთაშორისო კონკურსზე ირმა ლაურეატი და გრან-პრის მფლობელი გახდა.
2002 წელს ირმა გიგანმა მონაწილეობა მიიღო საკონცერტო მარათონში _ `ნიჭიერი ბავშვები~ და პირველ საერთაშორისო ფესტივალში _ `ხელოვნების ზეიმი~.
2003 წლის თებერვალში ირმა გიგანმა სოლო კონცერტი გამართა თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. 2003 წლის 3 აპრილს შემსრულებელთა მესამე რესპუბლიკურ კონკურსზე, ასაკის გამო, ირმამ კონკურსგარეშედ მიიღო მონაწილეობა და საქართველოში აშშ-ის საელჩო სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
2003 წლის სექტემბერში მოსკოვში, საქართველოს საელჩოში ირმას სოლო-კონცერტი გაიმართა.
`მუსიკა არასოდეს მღლის, თუმცა მეცადინეობისას 15-15 წუთს ვისვნებ... მეცადინეობაზე მეტად კონცერტზე გასვლა მსიამოვნებს, რადგან სცენა ძალიან მიყვარს. მსიამოვნებს, როცა ტაშს მიკრავენ და ყვავილები მოაქვთ~, _ ამბობს ვირტუოზი ქართველი პიანისტი.