საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა მეორე ერთობლივი კომისიის სხდომა გამართეს.
შსს-ის ინფორმაციით, კომისიის სხდომა "საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 1994 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, რომელშიც განისაზღვრა მხარეთა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.
შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის, შსს კონტრტერორისტული ცენტრისა და საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები ესწრებოდნენ.