(გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქორეოგრაფი პინა ბაუში)
30 ივნისს, საღამოს, გერმანიის ქალაქ ვუპერტალში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა გენიალური ქორეოგრაფი პინა ბაუში. უცნაურია, მაგრამ გარდაცვალებამდე ჯერ კიდევ სამი დღის წინ, 28 ივნისს, საღამოს, ის მშობლიური ვუპერტალის თეატრის სცენაზე იდგა და სპექტაკლის შემდეგ მაყურებლისგან ჩვეულ აპლოდისმენტებს მორცხვად იღებდა. ერთი კვირის წინ, როცა ექიმებმა ონკოლოგიური დიაგნოზი დაუსვეს, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ყველაფერი ასე სწრაფად და ტრაგიკულად დასრულდებოდა. მაგრამ ცნობილი პოეტისა არ იყოს, "სიკვდილი ყოველთვის ყველაზე მოულოდნელ დროს, ადგილსა და ადამიანს ირჩევს~.
13 და 14 ივლისს პინა ბაუშს მოსკოვში, ჩეხოვის მერვე საერთაშორისო ფეტივალზე ელოდნენ, სადაც საკულტო "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა~ უნდა წარმოედგია. ეს სპექტაკლი ჯერ კიდევ 1976 წელს დაიდგა (ბერტოლდ ბრეხტის ტექსტი, კურტ ვაილის მუსიკა) და დღემდე ვუპერტალის ცეკვის თეტრის რეპეტურაშია _ ისევე, როგორც ლეგენდარული "კაფე მიულერი~, რომლით შთაგონებულმა პედრო ალმოდოვარმა ფილმში "ესაუბრე მას~ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟიც კი გამოიგონა (ჯერალდინა ჩაპლინის შესრულებით), ხოლო ფილმში სპექტაკლის ფრაგმენტებიც ჩართო. არანაკლებ ცნობილი გერმანელი რეჟისორი ვიმ ვენდერსი კი სექტემბრიდან იწყებდა პინა ბაუშის შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებას სახელწოდებით "პინა~, რომელსაც, რეჟისორის თქმით, ექსპერიმენტული, ვიდეოფორმატის სახე უნდა ჰქონოდა.
გერმანული ექპრესიონისტული ცეკვის ტრადიციების გამგრძელებელი პინა ბაუში ბოლომდე თავისი პედაგოფების, "ფოლკვანგის~ სკოლის დამარსებლების _ კურტ იოსისა და მარი ვიგმანის ერთგული დარჩა, თუმცა 60-70-იან წლებში ნიუ-იორკში გატარებულმა წლეებმა, ჯაზმა, თეატრმა და თანამედროვე ამერიკულმა ქორეოგრაფიამ მასზე უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.
1973 წელს პინა ბაუში გერმანიაში დაბრუნდა და პატარა, არაფრით გამორჩეულ სამრეწველო ქალაქ ვუპერტალში ცეკვვის თეატრი დააფუძნა, რომელსაც მალე მთელმა თეატრალურმა სამყარომ "პინა ბაუშის თეატრი~ უწოდა. 35 წლის განმავლობაში დადგა 50-ზე მეტი წარმოდგენა, მისმა თეატრმა მოიარა ხუთივე კონტინეტი, ხოლო სპექტაკლებმა უჩვეულო ფორმით, განზომილებითა და სოციალურ-პოლიტიკური ჟღერადიობით, მთლიანად შეცვალა წარმოდგენა თანამედროვე ცეკვის თეატრის ლანდშაფტსა და განზომილებაზე.
მრავალრიცხოვანი და დაუღალავი ექპერიმენტების მიუხედვად, ბაუშის შემოქმედებითი კრედო არ შეცვლილა _ "არ მაინტერესებს, როგორ მოძრაობენ ადამიანები, მე მაინტრესებს, რა ამოძრავებთ მათ". პარადოქსით შთაგონებული მოძრაობის, უსიტყვო დრამისა და დათრგუნული ადამიანის ჟეტების სამყარო, რომელიც მან გამოიგონა, დღეს უკვე მოდური არტის მუდმივი მსჯლეობის საგანია. იყო დრო, როცა მას მხოლოდ "ფიზიკური თეატრის" დამატებად განიხილავდნენ. მაგრამ დრომ თავისი საქმე მაინც გააკეთა და დღეს მისი სახელი ლამის ხელშეუხებელ მითად აქცია.
პინა ბაუშის სპექტაკლები მუდმივი წონაწორობაა ტეხილ მოძრაობასა და უსიტყვო დრამას, შოუსა და ბალეტს, სიცილსა და ცრემლებს, სხეულის უბიწობასა და მის იმანენტურ უხამსობას შორის. შეგრძნებების სამყარო, რისგანაც იგება პინა ბაუშის წარმოდგენები, ფილოსოფია, მისი შემწყნარებლობა და იმავდროულად ლირიკული ცინიზმი, ყოველთვის ძალიან ფაქიზია და მისივე პერსონაჟებივით ნევროტულ-მსხვრევადი. ის ქმნის ცეკვას და შემდეგ ანგრევს მას, რადგან სხეულში ჩატეული პირობითობა ყოველთვის უფრო მეტია, უფრო ზოგადია, ვიდრე კონკრეტული ადამიანის ან საზოგადოების სოციალური და პოლიტიკური ტანჯვა, რომლიდანაც სრულ აღფრთოვანებამდე ერთი ნაბიჯი რჩება. მთავარია, გვერდით არსებულ კლასიკური ბალეტის საშიშ "უფსკრულს~ დაუსხლტეს...
პინა ბაუშის სიკვდილი თანამედროვე ქორეოგრაფიის (და არა მარტო) უდიდესი დანაკლისია, რადგან ძალზე იშვიათად არსებობენ ხელოვანები, რომლებიც ესთეტიკურ გაბედულებასა და ექტრემიზმს, კეთილშობილებასა და ამბოხს ასე თავისუფლად ითავსებენ... საბედნიეროდ, ორჯერ მქონდა შესაძლებლობა ბერლინში, ფესტივალ "ტანცვინტერზე~ ცოცხლად მენახა ეს დიდი ხელოვანი, რომლის დაუვიწყარი ხელები ხან სიცივით შეშინებული ჩიტის მოძრაობას გვაგონებს და ხან დამსხვრეული ტოტების უწესრიგო ჰარმონიას... თუმცა, ვის როგორ. ეს უკვე ესთეტიკური გემოვნებისა და შეთანხმების ამბავია.
და რა სამწუხაროა, რომ საქართველოში, სადაც არსებობენ "სუხიშვილები~, რომელსაც იგი კარგად იცნობდა, არასოდეს უნახავთ პინა ბაუშის სპექტაკლები. მასზე მხოლოდ საუბრობენ!
"ჯი-ეიჩ-ენი", დავით ბუხრიკიძე