ისრაელელმა სამხედროებმა ღაზის სექტორში კიდევ ერთი მძევლის ცხედარი იპოვეს.ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ცხედარი ტაილანდის მოქალაქე ნატაპონგ პინტას ეკუთვნის. ის პალესტინურმა დაჯგუფებამ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს გაიტაცა.
მისი ნეშტი 6 ივნისს ანკლავის სამხრეთით, რაფას რაიონში იპოვეს და ისრაელში გადაასვენეს, სადაც იდენტიფიკაციის პროცედურა ჩატარდა, რის შედეგადაც გარდაცვლილის ვინაობა დადასტურდა.
პრესსამსახურში აღნიშნეს, რომ ცხედარი დაკავებული პალესტინელი რადიკალის დაკითხვის დროს მიღებული ინფორმაციისა და სხვა სადაზვერვო მონაცემების წყალობით იპოვეს.
იდენტიფიკაციის შემდეგ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გარდაცვლილის ნათესავებს და ტაილანდის ხელისუფლებას აცნობეს.
სამხედროების ცნობით, ნატაპონგ პინტა 2023 წლის 7 ოქტომბერს, ისრაელის სასაზღვრო სოფელ ნირ ოზზე თავდასხმის დროს გაიტაცეს და მოგვიანებით ღაზაში მოკლეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის მხარე მის გატაცებასა და მკვლელობაში პასუხისმგებლობას რადიკალურ დაჯგუფებას „მუჯაჰედების ბრიგას“ აკისრებს.
ეს ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციაა, რომელიც პალესტინის სხვა რადიკალური სტრუქტურებისგან, როგორიცაა ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, დამოუკიდებლად მოქმედებს.