სომხეთის ოპოზიციურმა საპარლამენტო ფრაქციამ „მაქვს პატივი“ გადაწყვიტა, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცესი პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ და სომხეთის მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინოს ქალაქ მასისის მერი, დავით ამბარცუმიანი. ამის შესახებ ფრაქციის განცხადებაშია ნათქვამი.
ფრაქციას „მაქვს პატივი“, რომელიც რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტთან (2008-2018) სერჟ სარგსიანთან ასოცირდება, პარლამენტში 6 ადგილი აქვს, ინიციატივის საკანონმდებლო ორგანოს დღის წესრიგში შესატანად კი 36 ხმაა საჭირო.
ქვეყნის მეორე პრეზიდენტის (1998-2008) რობერტ ქოჩარიანის ოპოზიციურმა ფრაქციამ „სომხეთი“ უკვე განაცხადა, რომ მზადაა, ამ დოკუმენტს მისი ფრქციის 28 წევრმა ხელი მოაწეროს, თუ 8 ხმა შეგროვდება.
სომხეთის პარლამენტში ასევე ორი დეპუტატია, რომლებმაც დატოვეს ფაშინიანის ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმება“, თუმცა მათ უკვე განაცხადეს, რომ არ მისცემენ ხმას კანდიდატს, რომელიც სარგსიანთან ან ქოჩარიანთან ასოცირდება.
მაშინაც კი, თუ ინიციატივა პარლამენტის დღის წესრიგში შევა, პრემიერ-მინისტრის შესაცვლელად 54 ხმა იქნება საჭირო.