სეპარატისტულ აფხაზეთში მოქმედი პოლიტიკური პარტია "სახალხო ერთიანობის ფორუმი" 29 მარტს მოსკოვში დაგეგმილ აფხაზურ-რუსული ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებისადმი მიძღვნილ სხდომასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებით გამოდის.
აღსანიშნავია, რომ აფხაზური საზოგადოებაში არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ სხდომაზე შესაძლოა მოსკოვმა აფხაზეთის ტერიტორიის 160 კილომეტრის დათმობა მოითხოვოს.
"აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან საჭირო ინფორმაციის არარსებობის პირობებში, თან იმის გათვალისწინებით, რომ დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია განსაკუთრებით დახურულ რეჟიმში მუშაობს ეს საკითხი ჩვენს საზოგადოებაში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს", _ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ "შეშფოთებას იწვევს გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის გასხვისება რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ იგეგმება".
პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციის შესაბამისად აფხაზეთი და მისი ტერიტორია ხელშეუხებელი და განუყოფელია - "და ეს არის შედეგი აფხაზი ხალხის მიერ წარმოებული ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლისა. ეს მონაპოვარი დიდი მსხვერპლის გაღების ფასად დაგვიჯდა ჩვენ".
"იმედს ვიტოვებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება, რომელმაც ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისა არ დაუშვებს მისი ტერიტორიის გასხვისებას. ამასთან ერთად, აფხაზეთის პრეზიდენტი როგორც კონსტიტუციის დაცვის გარანტი ვალდებულია ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც აფხაზეთის სახელმწიფო საზღვრების რაიმე სახის ცვლილებებს გამორიცხავს", _ ნათქვამია განცხადებაში და იქვე ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ "სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელმოწერილ შეთანხმებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას".