დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები , გიორგი დემეტრაძისთვის 6 წლით თავისუფლების აღკვეთის გამო, ხვალ გასამართ საქართველო-ხორვატიის დაპირისპირებაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად "ჯი-ეიჩ-ენი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის უფროსს, ლაშა დვალიშვილის დაუკავშირდა.
"ვინც ეს ინფორმაცია გაავრცელა ყველაზე დილეტანტი ადამიანია. არ არსებობს პრეცედენტი, რომ მატჩამდე ერთი დღით ადრე რომელიმე ნაკრების წევრებს უარი ეთქვა თამაშზე. ქართველი ფეხბურთელები განაგრძობენ მზადებას ხორვატიასთან დაპირისპირებისთვის", - განმარტა დვალიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ დემეტრაძისთვის გამოტანილი განაჩენზე facebook-ზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა კახა კალაძემ.
კალაძე მიიჩნევს, რომ დემეტრაძე უდანაშულოა და კაპიტანი დემეტრაძის საქმის თავიდან გადახედვასა და თითოეული დეტალის შესწავლას მოითხოვს.
"ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქეთა მსგავსად მეც ვფიქრობ, რომ გიორგი დემეტრაძის საქმე თავიდან გადასახედია, თავიდან შესასწავლია თითოეული დეტალი...აღნიშნულმა ვერდიქტმა საზოგადოების უნდობლობა დაიმსახურა...ადამიანების ბედით ასე არ უნდა თამაშობდნენ! უამრავი ადამიანი გვირეკავს გიორგის მეგობრებს, გვხვდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში. სასამართლოს დასრულებამდე მქონდა მიზერული, მაგრამ მაინც იმედი, რომ ქართული თემიდას სასწორი უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანის სასიკეთოდ გადაიხრებოდა...თუმცა ამაოდ. მტკიცედ მჯერავს, რომ გიორგი დემეტრაძე უდანაშაულოა და ჩვენ მისი მეგობრები და მისი ნიჭის დამფასებელი მრავალათასიან გულშემატკივართა არმია ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით! გვჯერავს სამართალი პურს ჭამს და სამართლიანობა გაიმარჯვებს!", - წერს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძესა და დავით ფეიქრიშვილს, მათ შესაბამისად, 8- და 6-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დემეტრაძესა და გაგნიძეს დამატებითი სასჯელის სახით ჩამოერთმევათ ქონება და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა (დემეტრაძის შემთხვევაში 30 000 აშშ დოლარი; დავით გაგნიძის შემთხვევაში 10 700 აშშ დოლარი), რაც სახელმწიფოს გადაეცემა. რაც შეეხება ფეიქრიშვილს, მას დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით.
დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში - ქურდული სამყაროს წევრობაში ედებოდათ.
საქმე ეხება 2010 წლის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. "მაზავშიკებთან" მართლსაწინააღმდეგოდ მოგებულ თანხებს. აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში "მოგებულებს" ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ კი ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი საბოლოოდ, "ქურდულ საერთოში", იყრიდა თავს. სწორედ "სავალდებულო თანხის" გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება.
საქმის არსებითი განხილვის პროცესში განსასჯელის დაკავების გამო, სისხლის სამართლის საქმე ვახტანგ ყიფიანის მიმართ გამოიყო ცალკე წარმოებად. სასამართლო სდომაზე ბრალდებულთა დანაშაულებრივი ქმედება დადასტურებულ იქნა: წარმოდგენილი ოპერატიულ-საძებრო ღონისძიებების და საიდუმლო მიმოწერის მასალებით, დაკავებულთა პირადი ჩხრეკის ოქმებით, მოწმეთა ჩვენებებით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებებით.