"ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას ეკონომიკის საკითხებში ოთხ ინიციატივას სთავაზობენ. როგორც საპარლამენტო დებატების დასრულებისას "ქრისტიან-დემოკრატმა" ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, დავების საბჭო და ბიზნესომბუსდმენი ფინანსთა სამინისტროდან უნდა გამოვიდეს და ცალკე, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ სტრუქტურად ჩამოყალიბდეს.
ასევე, ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაცია და შესაბამისი 25-ათასლარიანი ზღვარის აწევა მოხდეს.
ვეფხვაძის თქმით, ევროკავშირი საქართველოს კონკურენციის ინსტიტუტების შექმნას სთხოვს, შესაბამისად "ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას სთავაზობენ საკანონმდებლო წინადადებას, რომლის მიხედვითაც, უნდა შეიქმნას კონკურენციის კომისია, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისია, რომელიც ქვეყანაში მონოპოლიების საკითხს გააკონტროლებს.
რაც შეეხება მეოთხე წინადადებას, "ქრისტიან-დემოკრატები" ხელისუფლებას სთავაზობენ, რომ ადმინისტრაციულ და სამოქალაქო იმ საქმეების განხილვაში, სადაც დავა 500 ათას ლარს აღემატება, სახელმწიფოს მხრიდან იუსტიციის სამინისტრო ჩაერთოს, თუმცა ჩანაწერი გაკეთდეს, რომ მასში გენერალური პროკურატურა არ ჩაერევა.