სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ხელმძღვანელი ეკა ბესელია ყველა უკანონო პატიმარს სოლიდარობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ საქართველო პატიმართა რაოდენობის მასშტაბით "მოწინავეა".
"ეს არის თემა, რომელსაც მხარდაჭერის თვალსაზრისით, არანაირი ბარიერი არ აქვს. შეუძლებელია იმ ვითარების მოთმენა, რაც დღეს პატიმართა რაოდენობის, მათ მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით საქართველოში ხორციელდება. შეუძლებელია, ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის მოთხოვნილება, რომ თავიანთი თანადგომით პატიმრობაში მყოფ პირებს მიეხმარონ",_აცხადებს ბესელია "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისი თქმით, მართალია, სიის მიხედვით, საქართველოში პოლიტპატიმართა რაოდენობა 51-ია, მაგრამ რეალურად გაცილებით მეტია.
"აცხადებენ, რომ მთლიანობაში პატიმართა რაოდენობა 23 ათას 600-ია. რეალურად ეს მაჩვენებელიც გაცილებით მეტია. თუმცა ამ რაოდენობის მიხედვითაც, ჩვენ მსოფლიოს სამეულ ქვეყანას შორის ვიმყოფებით",_აღნიშნა ბესელიამ.
შეგახსენებთ, დღეს კინოს სახლთან "საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის" ინიციატივით, გაიმართა პატიმართა მიმართ სოლიდარობის აქცია "მე პატიმარი ვარ!"