იაპონიის ხელისუფლება საფონდო ბირჟებისა და FOREX-ის ბაზარზე ვაჭრობის შეწყვეტის ინიციატივით გამოდის. შესაბამისი ინიციატივა, დღეს იაპონიის პარლამენტის ზედა პალატაში გახმოვანდა. იაპონელი სენატორები მიიჩნევენ, რომ შესაბამისი ღონისძიებები შესაძლებელს გახდის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საფონდო ბაზარზე ნეგატიური ვითარების თავიდან აცილებას.
ინტერნეტპორტალის RBK-ის ინფორმაციით, იაპონიაში მიწისძვრამ უკვე იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ქვეყნის საფონდო ბაზარზე. 2011 წლის 14 მარტს Nikkei-ის ინდექსი 6,18 %-ით დაეცა, რაც 2007 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 15 მარტს კი ვითარება კიდევ უფრო გართულდა და Nikkei-ის ინდექსი კიდევ 10 %-ით გაუფასურდა. ამ ორი დღის განმავლობაში საფონდო ბაზრის კაპიტალიზაცია 626 მილიარდი დოლარით შემცირდა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში დამანგრეველი მიწისძვრა და ცუნამი 11 მარტს მოხდა, რამაც ქვეყანას უდიდესი ეკონომიკური ზარალი მიაყენა. იაპონიის უდიდეს ნაწილში საწარმოები გაჩერებულია და ამ ეტაპისთვის უცნობია თუ როდის განაახლებენ ფუნქციონირებას.