ფინეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელი პავლე ხორგუაშვილი საქართველოს საელჩოსთან კონტაქტისგან თავს იკავებს. ფინეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პავლე ხორგუაშვილმა საელჩოს დახმარებასა და სახაზინო ადვოკატის აყვანაზე უარი განაცხადა.
როგორც ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში საქართველოს ელჩი ამირან კავაძე აცხადებს, შესაძლოა, ხორგუაშვილის მსგავსი საქციელი მისი კლუბის მესვეურების რჩევა იყოს.
23 წლის ქართველი ფეხბურთელი პავლე ხორგუაშვილი და მისი სამი თანაგუნდელი ვარჯიშიდან ფინეთის სამართალდამცავებმა პოლიციაში წაიყვანეს. ისინი გარიგებულ მატჩებში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილი.
ფინეთის კანონმდებლობით, პოლიციას პირის დაკავება ეჭვმიტანილის სტატუსით სამი დღის ვადით შეუძლია. ქართველი ფეხბურთელისა და მისი თანაგუნდელების გათავისფულების საკითხი დღეს გახდება ცნობილი.