"საქართველოში ინვესტორის შემოსვლა და 300 მილიონის დახარჯვის იდეა, თავისთავად, კარგია. თუმცა, თუ მთელი თბილისი დაანგრიეს და მარტო ერთი ტრამპის ტაუერი ააშენეს, ასეთი რამ მიუღებელია", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას "თბილისის ჰამქრის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი.
მისი თქმით, ძნელია ტრამპის ბრენდის საქართველოში შემოსვლაზე კომენტარის გაკეთება, რადგან ინფორმაცია შეზღუდულია.
"სადღაც რაღაც დოკუმენტზე ხელმოწერა არაფერს ნიშნავს. ჯერ უნდა გამოვითხოვოთ დოკუმენტაცია და გავარკვიოთ, რას აპირებენ. ხომ უნდა ვიცოდეთ, რამდენად შეესაბამება ტრამპის ბრენდი დედაქალაქს?!"_აცხადებს ელისაშვილი.
მისი თქმით, ჩვენს მუნიციპალურ ხელისუფლებას საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება არ ახასიათებს.
"არავინ იცის, რა ბედი ელის იმელის შენობას, რიყეს. ახლა ჭრელი აბანოს უკან მდებარე ლეღვთახევის რეაბილიტაციას იწყებენ. ეს ისტორიული ადგილია, მაგრამ ხომ შეიძლება, საზოგადოებას პატივი სცეს ქალაქის ხელისუფლებამ და ინფორმაცია მოგვაწოდოს? _ კითხულობს "თბილისის ჰამქრის" ხელმძღვანელი.
ელისაშვილი აცხადებს, რომ მათი მიზანია, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად მრგვალი მაგიდის გარშემო შეიკრიბონ.
"არ გვსურს, სასტვენებითა და პლაკატებით ვიდგეთ მერიის შენობის წინ, ხოლო ისინი სადღაც ჩუმად კაბინეტებში გადაწყვეტილებებს იღებდნენ. ისინი მარტო არ არიან ამ ქალაქში, თბილისი ჩვენც გვეკუთვნის", _ აღნიშნავს ელისაშვილი.