ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციისთვის საქართველოს გვერდის ავლით რუსეთის გაწევრიანება მძიმე გადასაწყვეტი იქნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საგრეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ქავთარაძემ განუცხადა.
"თეორიული შანსი ყოველთვის არსებობს, რომ რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდეს, მაგრამ ეს თავად ამ უწყებისთვის ძალიან მძიმე გადასაწყვეტი იქნება, რადგან ვმო-ს დაარსებიდან 15 წლის განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი არ შექმნილა და ამ კუთხით არ ვფიქრობ, რომ რუსეთი გამონაკლისი იქნება და მას რევერანს გაუკეთებენ", - აღნიშნა ქავთარაძემ.
დეპუტატის განმარტებით, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის აუცილებელია 153 წევრი ქვეყნის თანხმობა და თუ ორგანიზაცია პრეცედენტს დაუშვებს და რუსეთს წევრობაზე თანხმობას ეტყვის ამ შემთხვევაშიც ვმო-ს გენერალური საბჭოს 2/3-ს მხარდაჭერა დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს შეუძლია საქართველოს გვერდის ავლით ვმო-ს წევრი გახდეს.
აღნიშნულის შესახებ ქართული მხარის განმარტებით ამის მხოლოდ თეორიული შანის არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები