ქართული მხარე რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ პოლიტიკურ მოთხოვნებს ვერ დააყენებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ქავთარაძემ განუცხადა, არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნა, რომ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების სანაცვლოდ რუსული ჯარების გასვლის საკითხი უნდა დავაყენოთ, მიუღებელია ამ ორგანიზაციის პროფილიდან გამომდინარე.
"ეს არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია და ჩვენ შეგვიძლია ეკონომიკური კუთხით საკითხების დაყენება, როგორიც არის ფსოუსა და როკვის გვირაბის საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე ჩვენი მებაჟეების დაყენება, ასევე ემბარგოს მოხსნის საკითხი", - აღნიშნა ქავთარაძემ.
დეპუტატის გათვალისწინებით, ვმო-ს წესდებაში არ წერია, რომ თუ სახელმწიფო მისი წევრია აუცილებელია მეზობლისთვის დაწესებული ემბარგო მოხსნას.
"თუმცა ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ რუსეთის წევრობის შემთხვევაში მათ მიერ დაწესებული ემბარგო საერთაშორისო დონეზე, კერძოდ კი ვმო-ს საარბიტრაჟოში გავსაჩივროთ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, რომ რუსული სანქციებს რეალური საფუძველი არ უდევს", - განმარტა ქავთარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ მოსკოვსა და თბილის შორის მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი 10 მარტს გაიმართა.
აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ მოლაპარაკების დაწყების ინიციატივით თავად რუსული მხარე გამოვიდა, თუმცა რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, "რუსეთს საქართველოს გარეშეც შეუძლია ვმო-ს წევრი გახდეს".