ეკონომიკური ექსპერტის დემურ გიორხელიძის განცხადებით, იაპონიაში ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეული ტრაგედიის შედეგები ძალიან მძიმე იქნება და მას არა მხოლოდ ეს ქვეყანა, არამედ მთელი სამყარო იგრძნობს.
"ის, რაც იაპონიას დაატყდა თავს მატერიალურის გარდა, უამრავ სხვა პრობლემას აჩენს და არა მხოლოდ ამ ქვეყნისთვის, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის. იაპონიის ეკონომიკას უდიდესი ზარალი მიადგა. ეს კი, ბუნებრივია, მის როგორც ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყნის მიერ ნაწარმოებ სხვადასხვა პროდუქციაზე, ფასების თვალშისაცემ მატებას გამოიწვევს, საბაზრო ეკონომიკის კანონიდან გამომდინარე კი, ყველა იმ პროდუქციაზე, რაზეც ფასს იაპონია გაზრდის, გაზრდიან სხვა ქვეყნებიც", - განუცხადა გიორხელიძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
"ასეთი დარტყა მსოფლიო ეკონომიკისთვის ბადებს ძალიან დიდ სირთულეებს და პრობლემებს. ეჭვგარეშეა რომ იაპონიის ტრაგედია, რბილად რომ ვთქვათ, შეუმჩნეველი არ დარჩება მსოფლიოსთვის და ბუნებრივი კატაკლიზმებით გამოწვეულ ამ ზარალს, ყველა ვიგრძნობთ", - განმარტა ექსპერტმა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 9 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა 11 მარტს მოხდა, რამაც ცუნამიც გამოიწვია. გარდაცვლილთა და დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ქვეყანას უდიდესი ეკონომიკური ზარალი მიადგა.