"ბარსელონა" და დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების პირველი მეოთხედფინალისტები გახდნენ. "ბარსელონამ" "ნოუ კამპზე" ლონდონის "არსენალს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 3:1 დაამარცხა.
ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე ლიონელ მესიმ გახსნა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 7 წუთში სერხიო ბუსკეტსმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და ანგარიში გათანაბრდა. გოლიდან 3 წუთის გასვლის შემდეგ "არსენალის" თავდასხმელი რობინ ვან პერსი შეხვედრის არბიტრმა მოედნიდან გააძევა. 10 ფეხბურთელით დარჩენილ ლონდონელებს ღირსეული ბრძოლის გაგრძელება გაუჭირდათ, რაც საბოლოო შედეგზეც აისახა. 69-ე წუთზე კატალონიელთა ნახევარდაცვის ლიდერმა ხავის "ბარსელონა" დააწინაურა, შეხვედრაში ბოლო გოლი კი 71-ე წუთზე მესიმ გაიტანა თერთმეტრიანი დარტყმით. შეგახსნებთ, რომ პირველი მატჩი "არსენალმა" 2:1 მოიგო.
დონეცკის "შახტიორმა" "რომას" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ანგარიში მე-18 წუთზე ვილიანმა გახსნა, 58-ე წუთზე ვილიანმა დუბლი შეასრულა, ბოლო გოლი კი ხორვატმა თავდასხმელმა ედუარდომ 87-ე წუთზე გაიტანა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა.
დღეს კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდება. ლონდონის "ტოტენჰემი" მილანს უმასპინძლებს. გელზენკირხენის "შალკე" კი საკუთარ მოედანზე "ვალენსიას" შეხვდება.