ჰამბურგის ციხეში გარდაცვლილი დავით მარდიანის სხეულზე გერმანიასა და საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგები ერთმანეთს არ ემთხვევა.
როგორც დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, ჰამბურგის ციხეში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საქართველოს მოქალაქემ თავი ჩამოიხრჩო, თბილისელი სპეციალისტები კი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.
ამასთან, მარდიანის ოჯახის წევრთა მტკიცებით, გვამის გაკვეთის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაღუპულს შინაგანი ორგანოები ამოცლილი ჰქონდა. მარდიანის მშობლები ეჭვობენ, რომ ისინი გერმანიაში გაყიდეს.
აღნიშნულის საპროტესტოდ დაღუპულის ოჯახის წევრები და ნათესავები, დღეს, 7 მარტს, გერმანიის საელჩოსთან აქციას გამართავენ.
დავით მარდიანი 2010 წლის თებერვალში, ჰამურგის ციხეში გარდაცივალა. გერმანული მედიის ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. დაღუპული საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გადმოასვენეს.