საქართველოს "პარიზის დეკლარაციასთან" მიერთება სურს. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დახმარების კომიტეტისთვის ოფიციალურად გასაგზავნ წერილს უკვე ამზადებს, სადაც "პარიზის დეკლარაციასთან" მიერთების სურვილს ოფიციალურად დააფიქსირებს.
"პარიზის დეკლარაციის" მიზანია დონორთა დახმარების ეფექტურობის შემდგომი გაზრდა, რომლის მისაღწევად დეკლარაცია განსაზღვრავს გარკვეულ პრინციპებს, რომელსაც უნდა დაეფუძნოს დონორი და პარტნიორი ქვეყნების ქმედებები, დონორთა დახმარების მიწოდებისა და მართვის მიმართულებით. თუმცა, ამ პრინციპების შესრულება მონაწილე სახელმწიფოებისთვის სავალდებულო ხასიათის არ არის.
მთავრობაში განმარტავენ, რომ საქართველო პარიზის დეკლარაციის მონაწილე ქვეყანა არ არის, თუმც ბოლო წლებში, პარიზის დეკლარაციის პრინციპებს - დონორთა დახმარების კოორდინაციისა და განხორციელების კუთხით, ხშირად იყენებს.
"პარიზის დეკლარაცია" 2005 წელს ჩამოყალიბდა, რომლის მონაწილეებიც არიან 100-ზე მეტი ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაციაა.