ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას შეფასებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნარკოტიკების ტრანზიტის აღსაკვეთად მხოლოდ ქართული სამართალდამცავი ორგანოების ძალები საკმარისი არ არის.
"როცა უკონტროლო ზონაზეა საუბარი, ის ყოველთვის ხდება ნარკოტიკების, იარაღით ვაჭრობის, ბირთვული იარაღის დამზადების წყარო. ამისთვის აუცილებელია, რომ ამ ტერიტორიებზე იყოს საერთაშორისო კონტოლი - შევიდეს ეუთო, ევროკავშირის და გაერო. მხოლოდ ჩვენი სასაზღვრო პოლიციის ძალები არ არის საკმარისი", - განუმარტა მალაჩხიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე თქმით, ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვის აღკვეთის ნებისმიერი სახელმწიფოსთვის თავის ტკივილს წარმოადგენს და ამ მხრივ, ერთადერთი საქართველო არაა.
"თან ჩვენს ამოცანას სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ის ართულებს, რომ უკონტროლო ტერიტორიებიც გვაქვს", - დასძინა მალაშხიამ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო ნარკოტიკების ტრანზიტის მთავარი კორიდორი ხდება. ამავე დოკუმენტში აღნიშნულის მიზეზად ის გარემოებაა დასახელებული, რომ საქართველო ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს. აქვე აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი მთავარი მარშრუტით ნარკოტიკები საბერძნეთიდან და თურქეთიდან საქართველოს გავლით დასავლეთ ევროპაში ხვდება.
ავტორები აღნიშნავენ, რომ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს და შესაძლოა, სწორედ ამ ტერიტორიებზე გადიოდეს ნარკოტრანზიტის გზა.