აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები, ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი, დღეს, 5 მარტს სოჭში, შეხვედრას გეგმავენ, ამის შესახებ აზერბაიჯანში ახლად დანიშნულმა აშშ-ის ელჩმა მეთიუ ბრაიზამ განაცხადა.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დავეხმარო თანათავმჯდომარეებს მოლაპარაკებებში. ძირითადი მიზანია ორმხრივი კომპრომისების საფუძველზე ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა", - განაცხადა ბრაიზამ.
მისი თქმით, კომფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება რეგიონს აყვავებას, ხოლო იქ მცხოვრებ ხალხს კეთილდღეობას მოუტანს.
"აზერბაიჯანისა და აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებში არის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის, უსაფრთხოების თემები ენერგეტიკისა და შიდა რეფორმების საკითხებში", - განაცხადა ბრაიზამ და დასძინა, რომ არც ერთი ამ საკითხებიდან არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე მთიანი ყარაბაღის პროცესი. ელჩი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა შეიარაღებული გზით შეუძლებელია და მინსკის ჯგუფის ამოცანა მდგომარეობს სწორედ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტის თანდასწრებით 2010 წლის ოქტომბერში ასტრახანში გაიმართა.