სახელმწიფოს წარმომადგენლები სასამართლო განხილვაში ჩაერთვებიან თუ დავის საგანს 500 000 ლარი წარმოადგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში". 2009 წლის 27 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების შედეგად ახალი საპროცესო პრაქტიკა დამკვიდრდა, რომლის თანახმადაც აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულება ვალდებულია იუსტიციის სამინისტროს მიმართოს და გადაუგზავნოს საქმის მასალები ისეთ საქმეებზე, რომლის დავის საგანს ღირებულებაც ერთ მილიონ ლარს აღემატებოდა ან/და საქმეზე, რომელიც ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდებოდა.
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, კი ეს ზღვარი იწევს და თუ დავის საგანს წარმოადგენს 500 000 ლარს ან/და საქმე, რომელიც ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება მიმართვას იუსტიციის სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავებისა).
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, აღნიშნული გადაწვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის, რომ 2009 წელს მიღებული ცვლილებები წარმატებით გატარდა ცხოვრებაში და ხელი შეუწყო საერთო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლების ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
"აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ასეთი ტიპის საქმეების სპექტრის გაფართოება და საქმეებზე დავის საგნის ღირებულების შემცრება მილიონი ლარიდან 500 000 ლარამდე", - აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.
აღნიშნული კანონპროექტის ავტორები დეპუტატები კახაბერ ანჯაფარიძე და ზვიად კუკავა არიან.