ეროვნულ არქივში მეცნიერ ვახტანგ გურგენიძის პირადი ფონდი დღეს პირველად გახსნეს და უნიკალური ხელნაწერები და საბუთები გამოიტანეს.
მასალებს შორის არის ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღემდე გაუხმაურებელი მასალები, სასამართლო ოქმები, გალაქტიონ ტაბიძის აქამდე უცნობი ფოტოები ასევე კონსტანტინე განსახურდიასა და ეგნატე ნინოშვილის პირადი ჩანაწერები. წლების განმავლობაში ვახტანგ გურგენიძე არქივის ლიტერატურულ და ხელოვნების ფონდს ხელმძღვანელობდა.
პირადი ფონდი ეროვნული არქივის ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში გამოიფინა. მეცნიერ ვახტანგ გურგენიძის პირადი ფონდი მოიცავს 1884 წლიდან 1999 წლამდე ქართველი საზოგადო და საეკლესიო მოღვაწეების 1700 მდე საქმეს და გალაქტიონ ტაბიძის პირად ნივთებს.
აქ არის გამოფენილი გალაქტიონ ტაბიძის საპენსიო წიგნაკი და სათვალე, რომელიც გალაქტიონის მეუღლე ნინომ გადასცა ვახტანგ გურგენიძეს. აქ ასევე არის სიგარეტები რომლებიც მწერალს საავადმყოფოს ფანჯრიდან გადმოხტომისას პალტოს ჯიბიდან გადმოუვარდა. ასევე გამოფენილია გალაქტიონის პირადი ჩანაწერები და დღიური.
ფონდში ასვეე ინახება ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმეზე მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ბერბიჭაშვილის დაკითხვის სტენოგრამები და მოგონებები.