ლიბიის კრიზისთან დაკავშირებით აშშ მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ბარაკ ობამამ მექსიკელ კოლეგასთან ფილიპ კალდერონესთან მოლაპარაკების დასრულების შემდეგ თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ განვიხილავთ როგორც სამხედრო, ისე არასამხედრო საშუალებების გამოყენების მთელ სპექტრს. გადაწყვეტილებას კი იმის საფუძველზე მივიღებთ, რაც ლიბიელი ხალხისთვის უკეთესი იქნება. ამასთან, გავითვალისწინებთ, თუ როგორ დავიყვანოთ მინიმუმამდე მშვიდობიანი ხალხისთვის მიყენებული ზიანი", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.
თეთრი სახლის მეთაურმა, ასევე, მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტის შესწავლის შესახებ აღიარა.
მისი თქმით, ძალისხმევის მთელი რიგი ღონისძიებები ჰუმანიტარულ მიმართულებას უნდა მოხმარდეს.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ათობით ათასი ადამიანი, რომლებმაც საზღვრებზე მოიყარეს თავი, სამშობლოში დავაბრუნოთ. სწორედ ამისთვის ვიყენებთ სამხედრო თვითმფრინავებს, სამოქალაქო ავაილაინერებთან ერთად", - აღნიშნა ობამამ.
მანვე მოიწონა სხვა სახელმწიფოთა მხრიდან ლიბიის ჰუმანიტარული საჭიროებისთვის გამოჩენილი სასწრაფო რეაქცია. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყნის ათეულობით ათასი ადამიანი ლიბიას ტოვებს.
"ამ პროცესში მონაწილეობის გამო ტუნისისა და ეგვიპტის ხელისუფალთა მიმართ მადლიერებას გამოვხატავთ. ეს მით უფრო დასაფასებელია, რომ ეს ხელისუფალნი თავად გადიან გარდამავალ პერიოდს".
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეგვიპტელთა დასახმარებლად ამერიკული სამხედრო ავიაციის გამოყენების განკარგულება პირადად გასცა. მანვე მითითება მისცა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, რათა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად ეგვიპტეში სამოქალაქო თვითმფრინავი გაგზავნოს.