რუსეთმა და საფრანგეთმა ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" ფასზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "კომერსანტი" ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარისათვის მოულოდნელად გემების ფასი შეიძლება 980 მილიონი ევროდან 1, 24 მილიარდ ევრომდე გაიზარდოს. ამის გამო, გარიგება, რომელიც "როსობორონექსპორტსა" და ფრანგული "DCNS" შორის შედგა შესაძლოა ქვეყნის პირველი პირების დონეზე გადავიდეს, რაც ფაქტობრივად მოლაპარაკებების ხელახლა დაწყებას ნიშნავს.
მათივე ინფორმაციით, რუსეთი მზად იყო ორივე "მისტრალი" 980 მილიონ ევროდ შეეძინა. თუმცა საფრანგეთი კონტრაქტის ფასად მინიმუმ 1,15 მილიარდს ასახელებს. ამასთან ერთად, ოფიციალურად რუსული მხარე აღნიშნული ფაქტის შესახებ, ჯერ ჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
"კომერსანტი" აღნიშნავს, რომ ფასთან დაკავშირებით არსებული უთანხმოება "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მხრიდან არაპროფესიულმა მიდგომამ განაპირობა". მოლაპარაკებებზე რუსულმა მხარემ, ფრანგულ მხარეს შესთავაზა "მისტრალის" ფასში ჩაერთოთ ლიცენზიისა და ტექნიკური დოკუმენტაციის ფასიც, რომელიც რუსეთში ასაგებ ამ ტიპის გემებს ეხებოდა. ფრანგულმა მხარემ ყოველივე ამაზე უარი განაცხადა.
2010 წლის დეკემბერში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხელმძღვანელის მოადგილემ ვიცე-ადმირალმა ნიკოლაი ბორისოვმა ფრანგულ მხარესთან ხელი მოაწერა ოქმს, რომელშიც დაფიქსირებული იყო კონტრაქტის საფასური 1,15 მილიარდი ევროს ოდენობით. როგორც აღმოჩნდა, ამ ოქმს ხელი ბორისოვმა "როსობორონექსპორტთან" შეთანხმების გარეშე მოაწერა და ამიტომაც, როდესაც ეს ოქმი რუსული მხარის დელეგაციას აჩვენეს მათთვის სრული მოულოდნელობა გახდა.
"კომერსანტის" ინფორმაციით, ფრანგული მხარის საბოლოო კომერციული წინადადება, რუსულ მხარეს მიმდინარე წლის 15 მარტს წარედგინება. ფასის შეთანხმებამ კი შესაძლოა საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან დამატებითი მოლაპარაკებების საჭიროება წარმოშვას. გაზეთი ასევე აღნიშნავს, რომ ამ დრომდე უცნობია, ვინ აწარმოებს სარკოზისთან მოლაპარაკებას რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი თუ პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი.