რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საბჭოთა კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ გორბაჩოვს, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ორდენი გადასცა.
"ანდრია პრველწოდებულის უმაღლესი ორდენით თქვენს დაჯილდოებას დღეს მოვაწერე ხელი,"_აღნიშნა მედვედევმა გორბაჩოვთან შეხვედრისას. მედვედევმა აღნიშნა, რომ ჯილდოს გადაცემას გორბაჩოვის მიერ გაწეული უდიდესი სამუშაოს გამო ადეკვატურად მიიჩნევს.
ცნობისთვის, 1971 წელს გორბაჩოვი ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს, 1978 წელს იგი ცკ-ის მდივნად დაინიშნა. თავდაპირველად იგი საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობას კურირებდა. თუმცა მალე ფართო შესაძლებლობები გამოავლინა და ცენტრალური კომიტეტის სხვა წევრებზედაც ზეგავლენა მოახდინა. ორი წლის შემდეგ იგი ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი გახდა. ერთიმეორის მიყოლებით სამი გენერალური მდივნის გარდაცვალების შემდეგ უმაღლეს პარტიულ პოსტზე მიხეილ გორბაჩოვი აირჩიეს. მის სახელს უკავშირდება "გარდაქმნის", ე. წ. "პერესტროიკის" პერიოდი.
ანდრია პირველწოდებულის ორდენი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ჯილდოა. 1917 წელს აკრძალული ამ ორდენის გაცემა 1998 წელს აღდგა. ამ მედლით 14 კაცი დააჯილდოეს. გორბაჩოვზე ადრე ეს ორდენი საბჭოთა მწერალ დანიელ გრანინს გადაეცა.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ გორბაჩოვს 80 წელი შეუსრულდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მიხეილ გორბაჩოვი აქტიურად აკრიტიკებდა პუტინისა და მედვედევის პოლიტიკას.