საიტ "ვიკილიქსის" დამფუძნებელმა ჯულიან ასანჯიმ ბრიტანელი ჟურნალისტები მისი საიტის წინააღმდეგ "ებრაული შეთქმულების" მოწყობაში დაადანაშაულა. "გარდიანის" ცნობით, ეს განცხადება ასანჯიმ ბრიტანული ერთ-ერთი ჟურნალის რედაქტორთან იენ ხისლოპთან საუბრისას გააკეთა.
ხისლოპის თქმით, მას ასანჯმა დაურეკა და თავისი უკმაყოფილება გაუმხილა ჟურნალისტ ისრაელ შამირთან დაკავშირებით, რომელიც რუსულ "ვიკილიქსში" მუშაობს. ასანჯის უკმაყოფილება გამოიწვია სტატიამ, სადაც აღნიშნულია, რომ შამირი უარყოფს ხოლოკოსტს და ანტისემიტურ პუბლიკაციებს აქვეყნებს.
ასანჯმა განაცხადა, რომ ამ ადამიანებს (საუბარია ისრაელ შამირსა და მისი პუბლიკაციის გამომქვეყნებელ რედაქტორზე) უნდა რცხვენოდეთ, რადგან "ვიკილიქსის" დისკრედიტაციისთვის საერთაშორისო შეთქმულებას შეუერთდნენ. ასანჯის აზრით, გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ მას ებრაელთა მხარდაჭერა მოაკლონ.
ამასთან, ჯულიან ასანჯი დარწმუნებულია, რომ შეთქმულებას ხელმძღვანელობს გაზეთი "გარდიანი" და მისი ებრაელი ჟურნალისტები.
ამ განცხადების მიუხედავად, ასევე, "გარდიანი" აღნიშნავს, რომ მოგვიანებით ასანჯმა უარყო მის წინააღმდეგ წამოწყებული ებრაული შეთქმულების შესახებ ინფორმაცია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ აფასებს როგორც ებრაელთა, ისე არაბთა მხრიდან მის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას.
ცნობისთვის, ეს პირველი კონფლიქტი არაა, რომელიც ასანჯს ჟურნალისტებთან მოუვიდა. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სარჩელის შეტანას აპირებდა "გარდიანის" წინააღმდეგ იმ ცილისმწამებლური წიგნისთვის, რომელიც ამავე რედაქციამ "ვიკილიქსის" შესახებ გამოსცა. თუმცა მოგვიანებით ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
24 თებერვალს ბრიტანეთის სასამართლომ ჯულიან ასანჯის შვედეთისთვის გადაცემა გადაწყვიტა, სადაც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. თავად ასანჯი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკური მიზეზებითაა ინსპირირებული.
შეგახსენებთ, ვიკილიქსის საიტი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც მასზე ამერიკელ დიპლომატთა საიდუმლო ჩანაწერები გამოქვეყნდა. უფრო ადრე, ჯულიან ასანჯიმ, ასევე, გამოამზიურა ავღანეთისა და ერაყის ოპერაციების საიდუმლო მასალები.