კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი მარია ლიპმანი რუსეთის ძალოვან უწყებაში განხორციელებულ ცვლილებებს "მილიციის უკიდურესად შელახულ იმიჯს" უკავშირებს.
"ცვლილებები ხელისუფლებამ იმიტომ განახორციელა, რომ ხალხის თვალში ყველაზე კორუმპირებულ უწყებას - მილიციას, ქვეყანაში უკიდურესად შელახული იმიჯი ჰქონდა.
მთელი ერი თანხმდება იმაზე, რომ მილიციამ კორუფციის უკიდურესად მაღალ ზღვარს მიაღწია. იქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ქურდობენ, აუპატიურებენ, კლავენ, ნასვამები მართავენ თავიანთ ძვირადღირებულ ავტომობილებს, რომელთა შესაძენადაც ფული წარმოუდგენელი წყაროებით აქვთ ნაშოვი. ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება და რაც ჩამოვთვალე, ყველაფერი რეალობაა. ხელისუფლება მიხვდა, რომ დრო იყო რაიმე მოემოქმედებინა მოსახლეობის უკმაყოფილების საპასუხოდ", - განუცხადა მარია ლიპმანმა სააგენტო "როიტერს".
შეგახსენებთ, რომ რუსეთის სამართალდამცავ ორგანოს მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან მილიციის ნაცვლად პოლიცია დაერქვა. პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ ინიცირებული "კანონი პოლიციის შესახებ" რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ცოტა ხნის წინ მიიღო. სამართალდამცავ სტრუქტურას სახელწოდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბური რეფორმირების ფარგლებში ეცვლება. რუსი კანონმდებლების განცხადებით, რეფორმა სისტემის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდას ემსახურება.