საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიტყვას რუსეთში პატივს სცემენ, _ ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მიერ რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგის დაწყების მოწოდების შესახებ კომენტირებისას აღნიშნა.
"პატრიარქის მოწოდება ნიშნავს იმას, რომ რუსულმა მხარემ დაიწყოს დიალოგი და ქართულმა მხარემ არ მისცეს საბაბი კრემლს უარი თქვას მოლაპარაკებზე. ერთი მხრივ, სააკაშვილი ხშირად აკეთებს განცხადებებს, რომ მზად არის დიალოგისთვის და შემდეგ პუტინს რეპტილიას ეძახის, რაც არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია," - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისივე შეფასებით, როდესაც ქვეყნის ინტერესია აიძულო მოერე მხარე დიალოგზე წამოვიდეს საბაბი არ უნდა მისცე მის ჩასაშლელად.
"საქართველოს პატრიარქს მოსკოვში გარკვეული ავტორიტეტი აქვს და პატივს სცემენ მის სიტყვას. ვერ გვეტყვით რომ რუსული მხარე დიალოგზე დღესვე წამოვა, მაგრამ პატრიარქის მოწოდება მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. რამდენი გახდება მნიშვნელოვანი ფაქტორი ქართული მხარისთვის, რომ საბაბი არ მისცეს, როგორც ეს პერვის ინციდენტის დროს მოხდა ძნელი სათქმელია", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსულ და ქართულ მხარეებს არსებული ვითარების მოსაგვარებლად დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.