"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, პატრიარქის მოწოდება რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის დაწყებაზე პოზიტიური ექოს გარეშე არ დარჩება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა განიცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მოწოდებას, რომელიც რუსული და ქართული მხარის დიალოგის დაწყებას ეხება პოლიტიკური წრეებიც, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთშიც გამოეხმაურებიან და ეს ხმა პოზიტიური ექოს გარეშე არ დარჩება.
"საბედნიეროდ საპატრიარქო არის ერთადერთი ინსტიტუცია, რომელიც იმპულსურად კი არ მოქმედებს, არამდე სერიოზულად გეგმავს ყველა ნაბიჯს, განცხადებას და მოქმედებას, მაშინ როცა საუბარი შეეხება საქართველოს პატრიარქის განცხადებებს, ეს არის ნააზრევი, სტრატეგიული გადაწყვეტილება", - აღნიშნა ლალიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რუსულ და ქართულ მხარეებს არსებული ვითარების მოსაგვარებლად დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდა.