პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ლეგენდების და მითების დასავლეთში აღარავის აღარ სჯერა. ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ლიტვურ ჟურნალ Valstybė -სთვის მიცემული ინტერვიუს შეფასებისას აღნიშნა.
"სააკაშვილი დასავლეთისთვის და დანარჩენი მსოფლიოსთვის შეგნებულად აყალიბებს იმ აზრს, რომ საქართველოში მისი შემცვლელი პოლიტიკური ძალა არ მოიძებნება, მაგრამ ამ ლეგენდის ფაქტიურად აღარავის აღარ სჯერა არც დასავლეთში და არც აშშ-ში. სააკაშვილი კიდევ მოესწრება მალე არჩევნებში დამარცხებას. ეს იქნება მის პოლიტიკური კარიერის დასასრულის დასაწყისი", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისივე შეფასებით, სააკაშვილის რეჟიმს სწორედ ის ოპოზიციური ძალა დაამარცხებს, რომელიც მის წისქვილზე წყალს არ დაასხავს და ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ხალხის წინაშე იქნება პასუხისმგებელი.
"სააკაშვილს კი სურს ერთის მხრივ იხილოს, სუსტი სატელიტი ოპოზიციური პარტიები და ლიდერები თავის მიერ დაპურებული და მერეს მხრივ იხილოს ოპოზიცია, რომლის თვითმიზანია მუდმივად ჩაატაროს ქუჩის აქციები და აქედან კვებოს თავისი პოლიტიკური შეგნება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას დეპუტატმა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციისთვის ეს არის ორმაგი საფრთხე და ვინც ამას გაითვალისწინებს და თვისთავისთვის და საზოგადოებისთვის დამღუპველ ნაბიჯს არ გადადგავს ამგვარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა შესძლებს ნაციონალური მოძრაობის დამარცხებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, ქართული ოპოზიცია დღეისთვის თავის სიძლიერით არ გამოირჩევა. სააკაშვილს მიაჩნია, რომ პრობლემა არა ოპოზიციის უფლებების არარსებობაა, არამედ ის, რომ მათი ლოზუნგები ხალხს არ მოსწონს.
"რაც უფრო ხმამაღლა ყვირის ოპოზიცია, მით უარესად გამოიყურება. ნაწილობრივ, ვეთანხმები დასავლეთის შენიშვნებს - ამ კუთხით პრობლემები არსებობს, რადგან ჩვენ განვითარების აუცილებელ დონეს ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ", - აღნიშნავს პრეზიდენტი.